logo
ENG



ათობით დაკავებული მომიტინგე და ჟურნალისტი - მინსკში ქალთა მარში მიმდინარეობს [ვიდეო]

12 სექ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 
9lnk9dhb6eteqxk.jpg

მინსკის ცენტრში ანტისამთავრობო ქალთა მარში მიმდინარეობს, სადაც ათობით ადამიანი უკვე დააკავეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბრუტალური დაკავებები თავისუფლების მოედანზე დაიწყო, რის შემდეგაც მომიტინგეები გამარჯვებულების გამზირზე გადავიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. 

Belsat-ის ცნობით, დაკავებულია მათი რამდენიმე ჟურნალისტი. ადგილზე სპეცრაზმი და მილიცია არის მობილიზებული.

უკვე 35-ე დღეა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.


close დახურვა